Sunday, June 29, 2014

კონფერენციის თვითშეფასების ანგარიში

ა   ნ   გ   ა   რ   ი   შ   ი

2013 წლის 21-22 ივნისი
       1.       კონფერენციის დასახელება

· კონფერენციის დასახელება:/სტატუსი– „პროექტზე დაფუძნებული სწავლება სკოლაში“/მონაწილე
·    კონფერენციის   ჩამტარებელი  ორგანიზაცია:
     მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული  ცენტრი 
·    კონფერენციის ჩატარების ადგილი:  თბილისის მასწავლებელთა სახლი
·    კონფერენციის ხანგრძივობა:    2 დღე (11 საათი).

       2.      მიზანი და ამოცანები

· მიზანი: მასწავლებელთა  პროფესიული  ზრდა,  პროექტზე დაფუძნებული     სწავლების  ხელშეწყობა, პროექტების განხორციელებისათვის საჭირო  უნარ- ჩვევების  განვითარება,  გამოცდილების გაზიარება;
·    ამოცანები: სიახლეების გაცნობა საგანმანათლებლო სფეროში; კოლეგების გამოცდილე–ბის გაზიარება; 
      მასწავლებელთა კვალიფაკაციის ამაღლება;

     3.    რეზიუმე

  · კონფერენცია საზეიმოდ გახსნა პროფესიული განვითარების სქემის კოორდინატორმა ბ-ნმა კახა ჟღენტმა. აღნიშნა, რომ ეს ერთ-ერთი პირველი კონფერენციაა სქემაში ჩართული მასწავლებლებისათვის, ღია სივრცეა, სადაც მასწავლებლებს შეუძლიათ თავიანთი ნაშრომები გააცნონ სხვებს, ეს საუკეთესოს გამოვლენა კი არაა, არამედ იმის დანახვა, თუ როგორი პროექტები კეთდება საქართველოში;

  · მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის თანამშრომელმა ქ-ნმა სოფო ლობჟანიძემ ისაუბრა, თუ რატომაა მნიშვნელოვანი პროექტზე დაფუძნებული სწავლება სკოლაში და რა უნარების განვითარებას უწყობს ხელს. ის მასწავლებელს არა მარტო ე.ს.გ.-ის შედეგების მიღწევაში ეხმარება, არამედ 9 გამჭოლი კომპეტენციის ათვისების აუცილებელი პირობაა. მან ისაუბრა, რომ 21-ე საუკუნის გამოწვევებს ფეხი უნდა აუწყონ მასწავლებლებმა და მოსწავლეები პროექტების შემოქმედებად, შემსრულებლებად და შემფასებლებად აქციონ;

     · ხაშურის რაიონის სოფელ ტეზრის საჯარო სკოლის ფიზიკა- მათემატიკის მასწავლებელმა და აგრეთვე საინფორმაციო მენეჯერმა ნონა გორგაძემ წარმოადგინა საგანმანათლებლო სასწავლო პროექტი „შეეძლო თუ არა არქიმედეს დედამიწის აწევა“. ეს იყო ინტეგრირებული პროექტი ბერკეტის და სხვა მოწყობილობების შესახებ, გამოყენებული იყო ვირტუალური და ბუნებრივი ცდები;

    · გორის რაიონის სოფელ ძევერას საჯარო სკოლის მასწავლებელმა ნინა კოლიაშვილმა წარმოადგინა პროექტი „ჩემი სოფელი“, სადაც მოსწავლეებმა მოიძიეს მონაცემები სოფლის ისტორიაზე, მის შემოგარენებზე, ცნობილ ადამიანებზე, ინტერვიუები აიღეს სამამულო  და   2008 წლის ომის მონაწილეებისგან, მხცოვანი თანასოფლელებისაგან,  მოიარეს სოფლის ღირსშესანაობები და ზედმიწევნით კარგად გაიცნეს თავისი სოფელი;

   · გორის რაიონის სოფელ ძევერას საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მასწავლებელმა ლალი მახარაშვილმა  წარმოადგინა პროექტი  „როგორ მოვიქცეთ სავაჭრო ობიექტებში“, რაც ნაკარნახევი იყო მოსწავლეების დაგვიანებით გაკვეთილზე. მოსწავლეები მასწავლებელმა წაიყვანა მაღაზიაში, შემდეგ კლასში მოაწყვეს მაღაზია, გამოჭრეს ფული და ითამაშეს  „მაღაზიობანა“, რამაც მოსწავლეებს განუვითარა თვლა-ანგარიშის უნარები და მოსწავლეებმა უკეთ შეითვისეს სავაჭრო ობიექტებში ქცევის წესები;

   ·   თბილისელმა ინგლისური ენის მასწავლებელმა ქეთევან კობახიძემ ლექსიკური მარაგის გამდიდრებისათვის მოსწავლეები ამუშავა პროექტზე „ცხოველები ჩვენს გარშემო“, რომელიც დატვირთული იყო ისტ-ის საშუალებებით;

 · თბილისის 90-ე საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელმა მარინე პიტიურიშვილმა  მეცხრეკლასელი მოსწავლეები ჩართო პროექტში „თუთა და აბრეშუმი“ და მოსწავლეებს საშუალება მისცა გაცნობოდნენ აბრეშუმის, თუთის,  აბრეშუმის გზის ისტორიას  და ეზრუნათ  აბრეშუმის ჭიებზე;

 · სართიჭალის სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელმა ნინო ციცვიძემ პირველკლასელი მოსწავლეები ჩართო პროექტში „ცხოველთა მრავალფეროვნება დედამიწაზე“. მან წინა პლანზე წამოსწია ეკოლოგია,  ეკოლოგიური პრობლემები და საფრთხეები, მოსწავლეების განუვითარა ეკოლოგიური ცნობიერება, ამოგზაურა მოსწავლეები ზოოპარკში, შეაგროვებინა ინფორმაციები და განავითარა მათში შთაბეჭდილებებით ხატვა;

  · თბილისის 29-ე საჯარო სკოლის ქართული ენის მასწავლებელმა მაია გელაშვილმა წარმოადგინა განათლების სამინისტროს ინიცირებულ პროექტში გამარჯვებული ინტეგრირებული პროექტი „საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი“, რომელიც ექვთიმე თაყაიშვილის 150 წლის იუბილეს მიეძღვნა. მოსწავლეებმა პროექტის ფარგლებში ინახულეს ხელოვნების მუზეუმი, ოკუპაციის მუზეუმი, მოამზადეს პრეზენტაციები, სლაიდ-შოუ, გამართეს სასკოლო კონკურსი და  შექმნეს ბლოგები;

     ·     თბილისი 182-ე საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელმა ნინო ჯინჭარაძემ წარმოადგინა პროექტი, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებმა შეძლეს ტექსტების შექმნა, რედაქტირება და შექმნეს პროდუქტი ჟურნალი „ჰაერობუსი“;

  ·  ზესტაფონის რაიონის ტაბაკინის საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელმა თამილა კირკიტაძემ წარმოადგინა პროექტი „სოფლის ტკივილი“. პროექტში წარმოჩენილია ის პრობლემა, რაც სოფელს აქვს-დაცლის საშიშროება. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა სკოლის და სოფლის მონაცემები დიაგრამებით გამოსახეს და წარმოადგინეს და ამით ხელი შეუწყვეს ამ რთული საკითხის კარგად ათვისებას;
  · ბორჯომის №3 საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებელმა მარინა ლომიძემ მოსწავლეები ამუშავა პროექტზე „ინდიკატორი“. მათ განიხილეს ინდიკატორების მოქმედება მჟავე და ტუტე არეში. დაასკვნეს, რომ მცენარეები საუკეთესო ინდიკატორები არიან. ასეთებია: ჭარხალი, ლიქენები, კესანე;

 · ვარიანის საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებელმა თამარ დავითიძემ მოსწავლეებს განახორციელებინა პროექტი „კრისტალების გამოზრდა“. შაბიამნის საშუალებით მოსწავლეებმა მასწავლებლის დახმარებით განახორციელეს ყველაზე „თხუპნია“ პროექტი, რომლის პროდუქტი- კრისტალები წარმოდგენილი იყო კონფერენციაზე;

  · მეჯვრისხევის საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელმა ნინო სარაულმა პროექტის „აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმი“ განხორციელების ფარგლებში მოსწავლეებს საშუალება მისცა დაემზადებინათ აკაკის სახლის მაკეტი და საინფორმაციო ბუკლეტი;

   ·    კერძო სკოლა „ივერონის“ მასწავლებელმა ირმა ხუნდაძემ ორი ეპოქა ერთ იდეაში გააერთიანა და ილიას  „სახჩობელაზედ“ დისკუსიის და იმიტირებული სასამართლო პროცესის მთავარ  სიმბოლოდ აქცია. პროექტის ფარგლებში მოსწავლეები სტუმრობდნენ სხვადასხვა სამართლის ინსტიტუტებსა და კრიზისულ ცენტრს, გამართეს საქველმოქმედო კონცერტი და იმსჯელეს უპატრონო ბავშვების ინტეგრაციის პრობლემებზე საზოგადოებაში;

   ·  მეჯვრისხევის სკოლის II კლასის მასწავლებელმა ხათუნა ველიჯანაშვილმა  კონფერენციის მონაწილეებს გააცნო პროექტი „ჩვენი სკოლა“, პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა შეძლეს ინფორმაციის მოძიება ინტერნეტში, ფოტომასალის მომზადება და ინტერვიუების ჩაწერა, შედეგი კი იყო კედლის გაზეთი;

  ·  ასევე მეჯვრისხევის III კლასის მასწავლებელმა ნინო ჯოჯიშვილმა პროექტის ფარგლებში მათემატიკის და ხელოვნების ინტეგრაცია წარმოადგინა ორიგინალური სახელწოდებით „ სოფლის შენებას რა უნდა“.მათ გეომეტრიული სხეულების საშუალებით დაამზადეს ახალი უბნის მაკეტი;

  · ტაბაკინის საჯარო სკოლის მასწავლებელმა ლალი კელენჯერიძემ გაგვაცნო პროექტი „ის, რაც ჩემია, მშობლიურია“. მან VII კლასის მოსწავლეები ამუშავა სოფლის ტოპონიმიკის შესახებ, მოსწავლეებმა გამოიკვლიეს სოფლის უბნების, მდინარეების, წყაროების ტოპონიმიკის საკითხები;

 · თბილისის 118-ე საჯარო სკოლის მასწავლებელმა თამარ თაბუაშვილმა წარმოადგინა პროექტი  „ლეიკემია განკურნებადია-გადავარჩინოთ სიცოცხლე“. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია ამ დაავადების შესახებ, მოაწყვეს პრეზენტაციები, დაამზადეს სლაიდ-შოუები, მოახდინეს სისხლის დონაცია მშობლებმა, შეიძინეს პროდუქტები ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისათვის და მოინახულეს ავადმყოფები იაშვილის კლინიკაში;

II დღეს კონფერენცია გახსნა პროფესიული განვითარების სქემის კოორდინატორმა ბ-ნმა კახა ჟღენტმა.მან ისაუბრა  დღევანდელი  განათლების სისტემის პრობლემებზე,  INTEL-ის პროგრამაზე, რომელმაც ახალი ბიძგი შემოიტანა განათლებაში და  უახლოეს მომავალში საშუალება უნდა მისცეს განათლების სისტემის წარმომადგენლებს შეძლონ რეალობის მოდელირება. სქემის კოორდინატორმა მონაწილეებს გაგვაცნო სანიმუშო პროექტი „რომეო და ჯულიეტა“;

  · თბილისის კლასიკური გიმნაზიის მათემატიკის მასწავლებელმა  ნატო კეკელიამ თავის პროექტში ქართულ მეტყველებაში ჟარგონების და ბარბარიზმების სიხშირე დაუკავშირა მონაცემთა ანალიზს და სტატისტიკას. მოსწავლეების მიერ შექმნილი იყო ფეისბუქის დახურული გვერდი, ჩატარებული იყო გამოკითხვები. სტატისტიკური კვლევა, სიხშირეთა ცხრილები, დიაგრამები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ვფიქრობ, მნიშვნელოვანი საკითხები იყო წარმოჩენილი;

 · მცხეთის რაიონის ინგლისური ენის მასწავლებელმა თამუნა კასრაძემ მოსწავლეთა გააქტიურებისათვის  მოსწავლეებს შეაგროვებინა ინფორმაციები მსოფლიო საოცრებების შესახებ. მოსწავლეებმა შეადგინეს და თარგმნეს ტექსტები, შეარჩიეს ფოტოები, გააკეთეს გაზეთები. ვფიქრობ, რომ მშვენიერი სამოდელო გაკვეთილი იყო წარმოდგენილი;

  · წყალტუბოს I საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ფაქიზო ფანჩულიძემ წარმოადგინა „სადაურსა სად წაიყვან“, რომლის იდეა დაიბადა იმ პრობლემის ფონზე, როგორიცაა საზღვარგარეთ მოსახლეობის გადინება და უმშობლოდ დარჩენილი მოსწავლეები. ბავშვების ცხოვრებაზე უარყოფითად აისახება მშობლების ოჯახში არყოფნა. ეს არ იყო პროექტი, არ შექმნილა არანაირი პროდუქტი;

   · მარტვილის №2 საჯარო სკოლის მასწავლებელმა ნანა ოდიშარიამ წარმოადგინა ” გთხოვთ გაგვიგოთ“, რაც მიძღვნილი იყო იმ პრობლემაზე, როგორიცაა გარდატეხის ასაკი. წარმოდგენილი იყო გამოკითხვები, დიაგრამები, მაგრამ მას არ ჰქონდა პროექტის სახე.

კონფერენციის II დღის I ნახევარი შეაჯამა კახა  ჟღენტმა და გამოაცხადა შესვენება.

  · მარნეულის რაიონის ბაიდარის საჯარო სკოლის მასწავლებელმა ნონა არჩვაძემ წარმოადგინა აზერბაიჯანელი მოსწავლეების მონაწილეობით პროექტი „ჩვენი ენა ქართული“. ამ პროექტის ფარგლებში წარმოდგენილი იყო საქართველოს ჰიმნი აზერბაიჯანულად, 3 წთ-იანი ვიდეო, თუ როგორ მეტყველებენ ისინი ქართულად, ფოტომასალა, სადაც ჩანდა, თუ როგორ სტუმრობენ ისინი უნივერსიტეტში, მუზეუმში, დამეგობრებულ სკოლა ლომისში და როგორ ხვდებიან ფერეიდანელ ქართველებს;

  · გორის №9 საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელმა ლელა ბედოშვილმა პროექტის ნაცვლად წარმოადგინა კლასიკური მათემატიკის გაკვეთილი „რიცხვებით მოცული სამყარო“, რომელიც პითაგორას თეორემას ეძღვნებოდა.არ ჩანდა არანაირი აღმოჩენა;

 · თბილისის 172-ე საჯარო სკოლის მასწავლებელმა ნესტან კუბლაშვილმა საკუთარი თავის უკეთ წარმოჩენის პრობლემა წამოწია „დარისპანის გასაჭირში“. ძველი და გათანამედროვებული სპექტაკლი იყო პროექტის პროდუქტი;

   ·   თბილისის №16 საჯარო სკოლის მასწავლებლებმა ნონა შელიამ და ნინო ასლამაზიშვილმა წარმოადგინეს „წიგნო არ დაიკარგები“, რომლის მიზანი იყო მოსწავლეების დაახლოება წიგნთან. პროექტის ფარგლებში შეიქმნა წიგნის მოყვარულთა კლუბი;

  ·  ჭიათურის მართლმადიდებელი სკოლის I კლასის მასწავლებელმა ნანა ბურძენაძემ წარმოადგინა „აი, რა გვასწავლე დედაენამ“ , მოსწავლეები დაყოფილი იყვნენ ჯგუფებად, დაამზადეს საინტერესო ჟურნალები. მოაწყვეს პრეზენტაციები, მოიძიეს ინფორმაციები. მასალა წარმოდგენილი იყო კონფერენციაზე.

      4.   კონფერენციის  მნიშვნელოვნების დასაბუთება

    მოვუსმინე  კოლეგებს და გავიზიარე მათი გამოცდილება. გავეცანი ბევრ საინტერესო პროექტს და აგრეთვე ვნახე რამდენიმე ისეთი ნამუშევარი, რომელსაც საერთო არაფერი ჰქონდა პროექტთან.
    ეს კონფერენცია კარგი საშუალება  იყო  პროექტებზე დაფუძნებული სწავლების გაცნობისა და ჩემი პროფესიული ზრდის საქმეში, რადგან ვიცი, რომ პროექტებზე დაფუძნებული სწავლება წარმოადგენს საუკეთესო საშუალებას საკუთარი პროფესიონალიზმის გაუმჯობესებაში. იგი საშუალებას მომცემს შევძლო პედაგოგიური საქმიანობის დროს წამოჭრილი პრობლემის იდენტიფიცირება, მისი გადაჭრის გზების ძიება და ახალი იდეების, ინოვაციების, სტრატეგიების პრაქტიკაში დანერგვა, საკუთარი ძლიერი მხარისა და პოტენციალის აღმოჩენა და პროფესიისათვის საჭირო უნარ–ჩვევების განვითარება. ეს კონფერენცია დამეხმარება თავად ვეძიო და ავირჩიო შედეგის მისაღწევად უკეთესი გზა, რათა მივაღწიო ეროვნული სასწავლო გეგმის ფუნდამენტურ პრინციპს–შედეგზე ორიენტირებას.
  
ხელმოწერა:        სსიპ ქ.ახალციხის №5 საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი
მაია   თათეშვილი
      თარიღი:             30. 10.  2013წ

No comments:

Post a Comment